სან ფრუტუოზო · ლიგურია, იტალია
მოგზაურობა

ერთი ფოტო, ერთი სურვილი და იტალიისკენ მიმავალი გზა სან ფრუტუოზო — მოგზაურობა, რომელიც ჟურნალის ერთი გვერდიდან დაიწყო

ყველაფერი სტომატოლოგის მოსაცდელში დაიწყო. Vogue-ის შემთხვევით გადაშლილ გვერდზე აღმოვაჩინე ადგილი, რომელიც იმდენად არარეალურად ლამაზი ჩანდა, რომ იმავე წამს გულში გავიფიქრე — ერთ დღეს აქ აუცილებლად მოვხვდებოდი. რამდენიმე თვის შემდეგ ეს სურვილი რეალობად იქცა.

სან ფრუტუოზო — მოზრდილი ფოტო
სან ფრუტუოზოს ყურე ზღვიდან

ოგჯერ საკმარისია ერთი ფოტო, ერთი წამი და ერთი ჩუმად ჩაფიქრებული სურვილი, რომ მომავალი დაწარო.

ამ მოგზაურობის ისტორია ერთ ჩვეულებრივ დღეს დაიწყო. სტომატოლოგის კაბინეტში მოსაცდელში ვიჯექი და დროის გასაყვანად ჟურნალ Vogue-ს გადავავლე თვალი. დღესაც არ ვიცი, შემთხვევით მოხდა თუ არა, მაგრამ როგორც კი ჟურნალი გადავშალე, ზუსტად იმ გვერდზე გადაიშალა, სადაც სან ფრუტუოზოს შესახებ სტატია იყო გამოქვეყნებული.

დიდხანს ვუყურებდი ფოტოს. რაღაც განსაკუთრებული ვიგრძენი — ისეთი განცდა, რომელიც იშვიათად მოდის ცხოვრებაში. მაშინ გულში გავიფიქრე:

ერთ დღეს მეც აუცილებლად მოვხვდები აქ.

რომ არ დამვიწყებოდა, ჟურნალის გვერდს ტელეფონით ფოტო გადავუღე. იმ მომენტში ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ რამდენიმე თვეში მეც ზუსტად იმავე ადგილას ვიდგებოდი.

გზა

მოგზაურობა საფრანგეთიდან დავიწყეთ. მანქანით გავემგზავრეთ იტალიისკენ. გზა ალპებს მიუყვებოდა. გავიარეთ ფრეჟიუსის ცნობილი გვირაბი, რომელიც საფრანგეთს და იტალია ერთმანეთთან აკავშირებს. გვირაბის შემდეგ ატმოსფერო შეიცვალა.

რაც უფრო ვუახლოვდებოდით ლიგურიის სანაპიროს, მით უფრო შთამბეჭდავი ხდებოდა ბუნება.
გიგანტური მთები.
კლდეები.
ხოლო ჰორიზონტზე — ხმელთაშუა ზღვის პირველი ცისფერი ელვარება.

როდესაც რაპალოში ჩავედით, უკვე ვიცოდით, რომ განსაკუთრებული მოგზაურობა გველოდა. ვსეირნობდით სანაპირო ქალაქებში, ვათვალიერებდით პორტოფინოს — მაგრამ მთავარი მიზანი მაინც სან ფრუტუოზო იყო.

ჩამოსვლა

იმ დილით ადრე ავდექით. მანქანა სასტუმროში დავტოვეთ და გემით გავემგზავრეთ. ჩვენს წინ საოცარი სანახაობა იშლებოდა, ხმერთაშუა ზღვის ერთ ერთი ყველაზე ლამაზი და ემბლემატური ადგილები, თვალებს ვერ ვუჯერებდით, ვცდილობდით მომენტით ტკბობას, ნახევარი საათის შემდეგ მივადექით სიმწვანეში ჩაფლულ დიდ კლდოვან მთას, გემმა მოხვევა

დაიწყო და უცებ გამოჩნდა ისიც. ყველანი გაოცებული ვიყურებდით ზუსტად ისეთი ჩანდა, როგორიც Vogue-ის გვერდზე. შესაძლოა — უფრო ლამაზიც.

იმ წამს სრულიად განსაკუთრებული განცდა დამეუფლა. სურვილი, რომელიც ერთ დროს გულში ჩუმად გავიფიქრე, რეალობად იქცა.

სან ფრუტუოზო არ ჰგავს ჩვეულებრივ ტურისტულ ადგილებს. იქ ვერ მიხვალ მანქანით. ვერ მიხვალ მატარებლით, მისასვლელი გზა მხოლოდ ზღვაა.

შესაძლოა სწორედ ამიტომ აქვს ამ ადგილს განსაკუთრებული ენერგია. როდესაც სანაპიროზე ჩამოდიხარ, გიჩნდება საოცარი სიმშვიდის განცდა, თანამედროვე, ხმაურიან და ქაოსურ სამყაროს მიღმა, გრძნობ რომ ჰარმონია და პატარა სამოთხე აღმოაჩინე.

სუფრა

მთელი დღე ზღვასა და მონასტერს შორის გავატარეთ. ვცურავდით კრისტალურად სუფთა წყალში და ვათვალიერებდით შუა საუკუნეების არქიტექტურას.

სადილის დრო რომ დადგა, პატარა იტალიურ რესტორანში დავსხედით, რომელიც პირდაპირ კლდეზე იყო აშენებული, მთელ სანაპიროს გადაჰყურებდა. შევუკვეთეთ ზღვის პროდუქტები — კალმარები, კრევეტები და ადგილობრივი თევზეული.

არანაირი ზედმეტი დეკორაცია. მხოლოდ ახალი პროდუქტი, ლიმონი, ზღვის სურნელი და იტალიური სამზარეულოს გემო.

ზოგჯერ ბედნიერება სწორედ ასეთ მომენტებში იმალება.
არა ფუფუნებაში.
არა სიჩქარეში.
არამედ მაშინ, როდესაც საყვარელ ადამიანებთან ერთად ზიხარ ზღვის პირას და აცნობიერებ, რომ ზუსტად იმ ადგილას ხარ, რომელზეც ოდესღაც მხოლოდ ოცნებობდი.

დღესაც მჯერა, რომ ზოგიერთი სურვილი შემთხვევით არ იბადება. ზოგჯერ ისინი თითქოს თავად გვპოულობენ — შემდეგ კი გზას გვაჩვენებენ.

ეს არის შეხსენება, რომ ზოგიერთ ოცნებას უცნაური ძალა აქვს — საკმარისია გულით ირწმუნო და ერთ დღეს აუცილებლად რეალობად იქცევა.

თამარი

დედა, ავტორი და თანადამფუძნებელი. წერს მოგზაურობაზე, საფრანგეთზე, ემიგრაციასა და ცხოვრებაზე — ისე, როგორც ხედავს მას.

გააზიარე
Journal Letters

TAMARI & LEO

მოგზაურობები, აღმოჩენები და ისტორიები, რომლებიც საიტზე ყოველთვის არ ქვეყნდება.

გამოწერის გაუქმება — ნებისმიერ დროს.