თამარი — სამუშაო სივრცე
თამარი · საფრანგეთი
ემიგრაცია

რატომ შევქმენი „ემიგრანტის გზამკვლევი საფრანგეთში"

პირადი ისტორია — როგორ დაიბადა იდეა, და რას ცვლის სწორი ინფორმაცია საკუთარ ენაზე

აფრანგეთში 1998 წელს ჩამოვედი.

იმ პერიოდში პრაქტიკულად არ არსებობდა ინტერნეტი იმ ფორმით, როგორსაც დღეს ვიცნობთ. არ იყო სოციალური ქსელები, თემატური ჯგუფები, ვიდეოები, გზამკვლევები და პლატფორმები, სადაც ადამიანს რამდენიმე წუთში შეეძლო საჭირო პასუხის მოძებნა.

ინფორმაციის მიღება ძალიან რთული იყო.

უნდა გცოდნოდა, სად უნდა მისულიყავი, ვის უნდა დალაპარაკებოდი, რომელი ორგანიზაციისთვის უნდა მიგემართა და საერთოდ, ვისგან შეიძლებოდა სწორი პასუხის მიღება.

ამ ყველაფერს ემატებოდა ფრანგული ენის ბარიერი.

როდესაც უცხო ქვეყანაში ჩადიხარ და სრულად ვერ გესმის ენა, ხშირად ყველაზე მარტივი ნაბიჯიც კი რთულ ამოცანად იქცევა. წერილები, ფორმულარები, ადმინისტრაციული ტერმინები, შეხვედრები, ვადები — ყველაფერი შეიძლება დამაბნეველი იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისედაც დაძაბულ, გაურკვეველ და ემოციურად მძიმე პერიოდში ხარ.

დღეს თითქოს საპირისპირო პრობლემაა.
ინფორმაცია ძალიან ბევრია.

არსებობს სოციალური ქსელები, ჯგუფები, ფორუმები, ვიდეოები, პირადი გამოცდილებები, რჩევები და ათასობით კომენტარი. თუმცა, ინფორმაციის სიუხვე ყოველთვის არ ნიშნავს, რომ სწორი პასუხის პოვნა მარტივია.

მით უმეტეს ისეთ საკითხებში, როგორიცაა ემიგრაცია, თავშესაფრის პროცედურები, ადმინისტრაციული სტატუსი, ჯანმრთელობის დაზღვევა ან სხვა მნიშვნელოვანი სამართლებრივი და სოციალური საკითხები.

ამ სფეროებში ერთი ადამიანის გამოცდილება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ იგივე გზა, იგივე რჩევა ან იგივე გადაწყვეტილება ყველასთვის გამოსადეგია.

ადამიანები ხშირად ერთმანეთს უზიარებენ ინფორმაციას სხვადასხვა ჯგუფში. ეს ზოგჯერ ნამდვილად ძალიან სასარგებლოა, რადგან ემიგრაციაში მყოფ ადამიანს სჭირდება მხარდაჭერა, გამოცდილების გაზიარება და განცდა, რომ მარტო არ არის.

მაგრამ ის, რაც ერთისთვის შეიძლება სწორი და სასარგებლო აღმოჩნდეს, მეორისთვის შესაძლებელია საზიანოც კი იყოს.

რატომ?

იმიტომ, რომ ყველა ადამიანის საქმე განსხვავებულია.

ყველას განსხვავებული ისტორია აქვს. განსხვავებულად შემოვიდა საფრანგეთში. ვიღაც პირველად ითხოვს თავშესაფარს, ვიღაც განმეორებით მიმართავს. ვიღაცას აქვს ერთი ადმინისტრაციული სტატუსი, ვიღაცას — სრულიად სხვა. განსხვავებულია დოკუმენტები, ვადები, ოჯახური მდგომარეობა, ჯანმრთელობის საკითხები, საცხოვრებელი გარემო და ის კონკრეტული გარემოებები, რომლებმაც ადამიანი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა.

ამიტომ ძალიან რთულია, რამდენიმე წინადადებით, კომენტარით ან სოციალურ ქსელში დაწერილი რჩევით, ვინმეს სრულად აუხსნა შენი საქმე.

ყველაზე კარგად საკუთარ საქმეს თავად ადამიანი იცნობს.

მან იცის, როგორ და რა ვითარებაში შემოვიდა საფრანგეთში. იცის, პირველად მიმართავს თუ უკვე ჰქონდა წინა პროცედურა. იცის, რა წერილები მიუღია, რა დოკუმენტები აქვს, რა ვადებში უნდა იმოქმედოს და რა დეტალები შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი მის საქმეში.

მაგრამ ხშირად ადამიანს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ ამ ყველაფერს სწორად შეხედოს, დაალაგოს და გააცნობიეროს, რა ნაბიჯი უნდა გადადგას შემდეგ.

სწორედ ამ საჭიროებიდან დაიბადა იდეა — შემექმნა „ემიგრანტის გზამკვლევი საფრანგეთში".

წლების განმავლობაში, როგორც ფრანგულ-ქართული ენის თარჯიმანი, ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდი. ვმუშაობდი სხვადასხვა ინსტიტუციასთან, ადმინისტრაციულ სტრუქტურებთან, პრეფექტურებში, OFPRA-სა და CNDA-ს პროცესებთან დაკავშირებულ საქმეებზე.

მინახავს ადამიანები, რომლებსაც ძალიან რთული ცხოვრებისეული ისტორია ჰქონდათ, მაგრამ მათი საქმე ზიანდებოდა მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ იცოდნენ ვადა, ვერ გაიგეს წერილის შინაარსი, არასწორად მოამზადეს დოსიე, მნიშვნელოვანი ინფორმაცია დაგვიანებით მიიღეს ან უბრალოდ არავინ ჰყავდათ, ვინც მშვიდად და გასაგებად აუხსნიდა, რა ნაბიჯი უნდა გადაედგათ.

ზოგჯერ ერთი დღე შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.
ზოგჯერ — ერთი გამოტოვებული ვადა.
ზოგჯერ — ერთი დოკუმენტი, რომლის მნიშვნელობაც ადამიანმა ვერ გაიგო.

და სწორედ ამან დამაფიქრა ყველაზე მეტად: რამდენ ადამიანს შეეძლო თავიდან აეცილებინა ზედმეტი სტრესი, დროის დაკარგვა და მნიშვნელოვანი შეცდომები, რომ ჰქონოდა მარტივი, გასაგები და სტრუქტურირებული ინფორმაცია საკუთარ ენაზე?

„ემიგრანტის გზამკვლევი საფრანგეთში" არ არის იურიდიული დაპირება და არც ვინმეს ნაცვლად გადაწყვეტილების მიღების მცდელობა.

ეს არის სტრუქტურირებული, გასაგები და პრაქტიკული ინფორმაცია ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ უკეთ გაიგონ საკუთარი პროცესი, გააცნობიერონ რისკები, დაინახონ მნიშვნელოვანი ვადები და შეძლონ უფრო დამოუკიდებლად მოქმედება.

გზამკვლევის მთავარი ძალა სწორედ ამაშია:

ის არ გაძლევს ზოგად რჩევას, რომელიც შეიძლება ყველასთვის ერთნაირად არ მუშაობდეს.
ის გაძლევს ცოდნას, რომ თავად შეძლო შენი საქმის უკეთ გაანალიზება.

რომ იცოდე, რას უნდა მიაქციო ყურადღება.
რომ შეძლო მნიშვნელოვანი კითხვების დასმა სწორ დროს.
რომ არ დაეყრდნო მხოლოდ სხვის გამოცდილებას.
რომ უკეთ გაიგო, რა ხდება შენს საქმეში და რატომ.

მე მინდოდა შემექმნა ისეთი მასალა, რომელიც ადამიანს პირველ რიგში სიმშვიდეს მისცემდა.

რომ წაიკითხავდა და იტყოდა:

„ახლა უკვე ვიცი, სად ვარ."
„ვხვდები, რა უნდა გავაკეთო შემდეგ."
„ვიცი, რას უნდა მივაქციო ყურადღება."
„არ ვარ სრულიად დაკარგული."

გზამკვლევში შევკრიბე ის თემები, რომლებზეც ყველაზე ხშირად ჩნდება კითხვები: თავშესაფრის პროცესი, OFPRA-ს დოსიე, ინტერვიუსთვის მომზადება, მნიშვნელოვანი ვადები, CNDA-ში გასაჩივრება, OQTF, ადმინისტრაციული წერილები და ის შეცდომები, რომლებიც ხშირად ადამიანებს ძალიან ძვირად უჯდებათ.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ინფორმაცია დაწერილია მარტივი და გასაგები ენით.

რადგან ადამიანი, რომელიც რთულ მდგომარეობაშია, არ უნდა იყოს იძულებული, ათობით გვერდის იურიდიული ტექსტი წაიკითხოს მხოლოდ იმისთვის, რომ გაიგოს, რა ხდება მის ცხოვრებაში.

მე მჯერა, რომ ინფორმაცია ადამიანს ძალას აძლევს.

როდესაც იცი, რა უფლებები გაქვს, რა რისკები არსებობს, რა ვადებია მნიშვნელოვანი და რა ნაბიჯები უნდა გადადგა, გადაწყვეტილებებსაც უფრო მშვიდად, ფრთხილად და გააზრებულად იღებ.

ეს გზამკვლევი შევქმენი მათთვის, ვინც საფრანგეთში ახალ გზას იწყებს.

მათთვის, ვინც ახლა დაბნეულია.
მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ უკვე გვიან არის.
მათთვის, ვისაც უბრალოდ სჭირდება ვინმემ ადამიანურად აუხსნას ის, რაც სისტემის ენაზე ზედმეტად რთულად გასაგებია.

ყოველი ადამიანის ისტორია განსხვავებულია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მან საკუთარი პროცესი სწორად გაიგოს და გააზრებულად იმოქმედოს.

სწორედ ამიტომ შეიქმნა „ემიგრანტის გზამკვლევი საფრანგეთში".

იხილე გზამკვლევი →
თამარი

ფრანგულ-ქართული თარჯიმანი (სამართლებრივი და საიმიგრაციო სფერო), „ემიგრანტის გზამკვლევი საფრანგეთში"-ის ავტორი. საფრანგეთში ცხოვრობს 1998 წლიდან.

გააზიარე
Journal Letters

Tamari's Journal

იდეები, ჩვევები და ისტორიები, რომლებიც საიტზე ყოველთვის არ ქვეყნდება.

გამოწერის გაუქმება — ნებისმიერ დროს.