ახალი გზა 40 წლის შემდეგ
პიროვნული ზრდა
პიროვნული ზრდა

რატომ არ არის გვიან ახალი გზის დაწყება 40 წლის შემდეგ

გამოცდილება ახალი დასაწყისის ყველაზე ძლიერი საფუძველია

შირად გვგონია, რომ რაღაც ასაკამდე აუცილებლად უნდა გვქონდეს ყველაფერი გარკვეული.

კარიერა. სტაბილურობა. შემოსავალი. მიმართულება. პასუხები.

და თუ 40 წლის შემდეგ ვხვდებით, რომ რაღაც გვაკლია, რაღაც სხვა გვინდა ან ძველი გზა აღარ გვაძლევს იმ განცდას, რაც ადრე გვქონდა — გვგონია, რომ უკვე გვიანაა.

მე ასე არ ვფიქრობ.

40 წლის შემდეგ ადამიანი აღარ იწყებს ნულიდან.

ის იწყებს გამოცდილებით.

იწყებს იმ ყველაფრით, რაც უკვე გადაიტანა, ისწავლა, დაკარგა, მოიპოვა და საკუთარ თავში დააგროვა.

ამ ასაკში უკვე უკეთ იცი, რა გინდა და რა აღარ გინდა.

უფრო კარგად არჩევ ადამიანებს, გარემოს, საქმეს, სიტყვებს, დაპირებებს.

აღარ გინდა უბრალოდ დაკავებული იყო.

გინდა, რომ ის, რასაც აკეთებ, აზრს ატარებდეს.

ხშირად ახალი გზის დაწყება არ ნიშნავს ძველი ცხოვრების უარყოფას.

პირიქით — ნიშნავს, რომ წარსული გამოცდილება ახალ ფორმაში გადაგაქვს.

ყველაფერი, რაც მანამდე გაიარე, შეიძლება შენი ყველაზე ძლიერი საფუძველი გახდეს.

შესაძლოა, წლების განმავლობაში ერთ სფეროში მუშაობდი, პასუხისმგებლობებით ცხოვრობდი, ოჯახზე ზრუნავდი, რთულ პერიოდებს გადიოდი და საკუთარ სურვილებს ყოველთვის უკან წევდი.

მაგრამ დგება მომენტი, როცა საკუთარ თავს ეკითხები:

„რა მინდა მე?"

ეს არ არის ეგოიზმი.
ეს არის სიფხიზლე.

ახალი გზის დაწყებას ყოველთვის ახლავს შიში.

შეიძლება გეშინოდეს შეცდომის, ფინანსური რისკის, სხვისი აზრის, წარუმატებლობის ან იმის, რომ თავიდან მოგიწევს სწავლა.

მაგრამ ყველაზე რთული ხშირად არა ახალი ნაბიჯის გადადგმაა, ყველაზე რთულია იმ აზრთან შეგუება, რომ შენი ცხოვრება შეიძლება უფრო დიდი იყოს, ვიდრე ის ფორმა, რომელშიც აქამდე ცხოვრობდი.

40 წლის შემდეგ შეიძლება სრულიად ახალი პროფესია აირჩიო.
შეიძლება საკუთარი საქმე დაიწყო.
შეიძლება შექმნა პროექტი, რომელზეც წლების წინ ოცნებობდი,
დაეწყო სწავლა, თავიდან იოცნებო და საკუთარ თავში ახალი უნარები, ახალი ნიჭები აღმოაჩინო.

არ არსებობს „გვიანი დასაწყისი", გვიანია მხოლოდ ის, რასაც არ გააკეთებ.

არსებობს მომენტი, როცა ადამიანი მზად არის, საკუთარ თავს სერიოზულად მოუსმინოს.

და ზოგჯერ ეს მომენტი სწორედ მაშინ მოდის, როცა ყველაზე ნაკლებად ელოდები.

ახალი გზა ყოველთვის მარტივი არ არის, მაგრამ ზოგჯერ სწორედ ის არჩევანია, რომელიც ადამიანს საკუთარ ნამდვილ სურვილებთან აბრუნებს.

თამარი
თამარი

დედა, ავტორი და თანადამფუძნებელი. წერს ცხოვრებაზე, ემიგრაციაზე, პიროვნულ ზრდასა და ახალ დასაწყისებზე — ისე, როგორც ხედავს მას.

გააზიარე
Journal Letters

Tamari's Journal

იდეები, ჩვევები და ისტორიები, რომლებიც საიტზე ყოველთვის არ ქვეყნდება.

გამოწერის გაუქმება — ნებისმიერ დროს.